მარკეტინგის ავტომატიზაციის 10 გამოწვევა
მარკეტინგის ავტომატიზაცია ორგანიზაციის ციფრული ტრანსფორმაციის საოცარი შესაძლებლობაა, რომელიც მომხმარებლებთან კომუნიკაციის ხარისხს აუმჯობესებს და ამავდროულად, მნიშვნელოვნად ამცირებს მარკეტინგულ აქტივობებში ჩადებულ რესურსებსა და მანუალურ შრომას.
მარკეტინგის ავტომატიზაცია
მარკეტინგის ავტომატიზაცია მარკეტინგული დავალებების, პროცესების და კამპანიების ავტომატიზირებისთვის სხვადასხვა აპლიკაციებსა და ტექნოლოგიებს იყენებს. ეს ძირითადად გულისხმობს სხვადასხვა მარკეტინგული აქტივობების ციფრულ არხებში ჩასაშვებად დაგეგმვას, განხორციელებასა და გაზომვას. მარკეტინგის ავტომატიზაციის მთავარი მიზანია გააუმჯობესოს მარკეტინგული კომუნიკაციების ეფექტურობა, სარგებლიანობა და პერსონალიზაცია, რასაც პირდაპირი გავლენა აქვს ლიდების გენერირების, მომხმარებელთა ლოალობის და გაყიდვების მიმართულებებზე. ამის ზოგიერთი მაგალითია:
- Drip კამპანიები: დრიფ კამპანიები ავტომატიზირებული იმეილების სერიებია, რომლებიც დროის გრძელ მონაკვეთში ლიდების მუდმივი რეთარგეთირებისთვის იქმნება.
- ავტომოპასუხეები: ავტომოპასუხეები წინასწარ შექმნილი და ავტომატიზირებული იმეილებია, რომლებიც პასუხობენ კონკრეტულ თრიგერებს, ან ქმედებებს, როგორიცაა ნიუსლეთერის გამოწერა და ნივთის შეძენის დადასტურება.
- ლიდების შეფასება: ეს პროცესი ლიდებს ანიჭებს რაოდენობრივ ქულას, რომელიც გამოითვლება მისი ქცევისა და აქტიურობის მიხედვით, რაც გაყიდვების გუნდს ლიდების სეგმენტაციასა და დაპრიორიტეტებაში ეხმარება.
- ავტომატიზირებული იმეილ კამპანიები: ეს მოიცავს ავტომატიზირებული იმეილ აქტივობების დიდ ნაწილს, როგორებიცაა მიტოვებული კალათის შეხსენება, პროდუქტის რეკომენდაციები, რეგისტრაციის შემდეგ მომხმარებლის ონბორდინგი და ა.შ.
- მომხმარებელთან ურთირტობის მენენჯმენტის აპლიკაციის (CRM) ინტეგრაცია: მარკეტინგის ავტომატიზაციის CRM ინტეგრაცია მომხმარებელთა ინტერაქციების და მონაცემების უკეთესი გაზომვისა და მართვის შესაძლებლობას იძლევა.
- სოციალური მედიის ავტომატიზაცია: სოციალური მედიის ავტომატიზაციის ხელსაწყოები ქმნიან და ანთავსებენ კონტენტს სხვადასხვა არხებში, მართავენ ინტერაქციებს და ზომავენ პერფორმანსს.
- პერსონალიზაცია და სეგმენტაცია: ავტომატიზაცია მარკეტერებს საშუალებს აძლევს მეტად ეფექტურად და ზუსტად დაამუშავონ მომხმარებელთა ბაზა შემდგომი პერსონალიზირებული კონტენტის შექმნისა და თარგეთირებისთვის.
- A/B ტესტინგი და ოპტიმიზაცია: ავტომატიზაციის ხელსაწყოების დახმარებით შესაძლებელია კამპანიების მრავალი ელემენტის გატესტვა, როგორიცაა საიტის დიზაინი, ან იმეილის სათაური. ტესტირების შემდეგ, გამარჯვებული ვერსია უფრო ვრცელ აუდიტორიაზე ვრცელდება.
- დავალებების ავტომატიზაცია: დავალებების ავტომატიზაცია ამარტივებს ისეთ შიდა მარკეტინგულ პროცესებს, როგორიცაა ლიდების მიმართვა, სხვადასხვა სისტემებს შორის მონაცემების მიმოცვლა და დავალებების ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შესრულება.
მხოლოდ ამ მაგალითების ფონზეც ჩანს, თუ რამდენად ეფექტურია მარკეტინგის ავტომატიზაცია, თუმცა, მაინც რა არის ის გამოწვევები, რომელიც მის დანერგვას ახლავს თავს?
1. კომუნიკაციების გადაჭარბება
პრობლემა
თუ მას ფრთხილად არ ვმართავთ, მარკეტინგის ავტომატიზაციამ შეიძლება კომუნიკაციების გადაჭარბებით მიწოდება გამოიწვიოს. მაგალითად, მომხმარებლებმა მიიღონ მეტისმეტად ბევრი იმეილი, ან მესიჯი, რის გამოც მარკეტინგული აქტივობები აუდიტორიისთვის უინტერესო და მოსაბეზრებელი გახდეს.
რჩევა
კომპანიებმა კარგად აგებული სტრუქტურისა და კალენდრის მიხედვით უნდა იმოქმედონ. მნიშვნელოვანია აუდიტორიის ქცევისა და ინტერესების მიხედვით სეგმენტირება, რაც მათთვის რელევანტური კონტენტის შექმნას ეხმარება. ასევე, განმეორებით კომუნიკაციაზე ზედა ზღვრის დაწესება და მომხმარებლებისთვის საკუთარი პრეფერენსების არჩევის შესაძლებლობა, პროცესს გაცილებით ოპტიმიზირებულს ხდის.
2. რელევანტურობა
პრობლემა
ეფექტური სეგმენტაცია და პერსონალიზაცია ზუსტ მონაცემებს ეყრდნობა. თუ სეგმენტაციისთვის გამოყენებულ მონაცებს სიზუსტე აკლია, ან არ არის განახლებული, საკომუნიკაციო მესიჯები ადრესატებისთვის რელევანტური არ იქნება, შესაბამისად არც ეფექტური.
რჩევა
მონაცემების სიზუსტის უზრუნველყოფა იწყება მონაცემების შეგროვებისა და ვერიფიკაციის ნაბიჯზე. კონტაქტების ბაზა მუდმივად უნდა განახლდეს და გაიწმინდოს. მნიშვნელოვანია მონაცემების გაზიარების ეტაპზე ვერიფიკაციის პროცესის დამატება, დროთა განმავლობაში მომხმარებლების პროფილის გამდიდრება და მონაცემების წყაროების პერიოდული აუდიტი.
3. დაკარგული ივენთები
პრობლემა
ავტომატიზირებული ეკოსისტემის აგებისას ყველაზე ნაკლებად გამართული ხშირად ივენთების რეგისტრაციის სისტემაა. ძირითადად, მონაცემთა ანალიზის პლატფორმაზე (Google Analytics, Tableau) ციფრულ არხებში განხორციელებელი ბევრი აქტივობის რეგისტრაცია არ ხდება, როგორიცაა სპეციფიური კონვერსიები, ან საიტის ელემენტებთან ინტერაქცია.
რჩევა
ავტომატიზირებული კომუნიკაციების ქსელის აგებისას საჭირო ივენთების რეგისტრაცია და მათი თრიგერებზე რეაგირება გამართული სისტემის აუცილებელი ნაწილია. პერიოდულად ჩაატარე ციფრული არხებისა და ვებგვერდის აუდიტი, საჭიროების შემთხვევაში კი ჩართე ტექნიკური გუნდები, რომლებიც საჭირო ელემენტებთან ინტერაქციას დაარეგისტრირებენ. თუმცა, ხშირად ამის გაკეთება მარკეტერსაც საკმაოდ მარტივად შეუძლია Google Tag Manager გამოყენებით.
4. გაყიდვების ფანელის (Funnel) გამართულობა
პრობლემა
მარკეტინგის ავტომატიზირებული დავალებები გაყიდვების ფანელთან სრულ თანხვედრაში უნდა იყოს. ამ ორ სისტემას შორის აცდენა კომუნიკაციის აცდენასაც ნიშნავს, რაც გამოცდილებას არარელევანტურს ხდის.
რჩევა
გაყიდვების ფანელის ყველა ეტაპის აუდიტის და ანალიზის შემდეგ იკვეთება ის შეხების წერტილები, რომელზეც ავტომატიზირებული დავალებები შენდება. მხოლოდ ამის შემდეგ არის შესაძლებელი პერფორმანსის ეფექტური გაზომვა და მისი მაქსიმალური ოპტიმიზაცია.
5. კონტენტის განახლება
პრობლემა
დროთა განმავლობაში, ავტომატიზაციაში გამოყენებული კონტენტი და ლოგიკა ძველდება. რეგულარული ოპტიმიზაცია და განახლებები კომუნიკაციის რელევანტურობას უზრუნველყოფს.
რჩევა
შეიმუშავე კონტენტის და ლოგიკის განახლების გრაფიკი. მუდმივად გადახედე და განაახლე ავტომატური შეტყობინებები და დარწმუნდი რომ ისინი რელევანტური და პერსონალიზირებულია. ხშირად ამ პროცესში კომპანიის რამდენიმე რგოლის ჩართულობაა საჭირო.
6. ინტეგრაცია
პრობლემა
სხვადასხვა სისტემებს შორის არასწორი ან გაუმართავი ინტეგრაცია მარკეტინგის ავტომატიზაციის ეფექტურობას ძალიან ამცირებს. ამან შეიძლება გამოიწვიოს მონაცემების დაბინძურება, საკომუნიკაციო მესიჯების არარელევანტურობა და ბევრი ისეთი ტექნიკური ნიუანსი, რომელიც გრძელ ვადაში სხვა პრობლემების წინაპირობა ხდება ხოლმე.
რჩევა
დააპრიორიტეტე მარკეტინგის ავტომატიზაციის პლატფორმისა და სხვა სისტემების ხარისხიანი ინტეგრაციების მენეჯმენტი. ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სისტემები ასეთ დროს არის CRM და მონაცემების ანალიზის პლატფორმები.
7. ტესტირება და ოპტიმიზაცია
პრობლემა
ავტომატიზირებულ დავალებებს ვერ ექნება მაღალი პერფორმანსი მუდმივი ტესტირებისა და ოპტიმიზაციის გარეშე. რეგულარული A/B ტესტირება და ამ ტესტირებების ანალიზი ავტომატიზაციების მაღალი ეფექტურობის შენარჩუნების უმნიშვნელოვანესი ნაწილია.
რჩევა
პირველი ნაბიჯი ორგანიზაციაში დოკუმენტირების, მუდმივი ტესტირებისა და ოპტიმიზაციის კულტურის დანერგვაა. განახორციელე A/B ტესტირებები ავტომატიზირებული დავალებების სხვადასხვა ელემენტზე: კონტენტი, CTA (call-to-action), სეგმენტაცია. შემდგომი ნაბიჯი კი პერფორმანსის მეტრიკების გაზომვა და მასზე დაყრდნობით სტრატეგიის ოპტიმიზაციაა.
8. მონაცემების უსაფრთხოება
პრობლემა
მსოფლიოს სხვადასხვა ბაზარზე ავტომატიზირებული კომუნიკაციების გაშვება მოითხოვს მონაცემების გაზიარების სხვადასხვა რეგულაციის გათვალისწინებას, როგორიცაა GDPR და CCPA.
რჩევა
მუდმივად იყავი ინფორმირებული ინდუსტრიაში არსებულ რეგულაციებზე. ასევე, კომპანიის დონეზე გამართე ინფორმაციის გაზიარების opt-in/opt-out მრავალფეროვანი შესაძლებლობები.
9. გაზომვადობა
პრობლემა
როდესაც ორგანიზაცია იზრდება, მას ხშირად ვტომატიზირებული დავალებების ცვლილებაც მოსდევს. გაზომვადობაში გამოწვევები მაშინ ჩნდება, როდესაც ავტომატიზაციის სისტემა ვეღარ უძლებს მონაცემების გაზრდილ მოცულობასა და კომპლექსურობას.
რჩევა
ჩაატარე პლატფორმების აუდიტი და საჭიროებისამებრ ჩაანაცვლე არსებულები. შერჩევის პროცესში გამოიანგარიშე სავარაუდო კომპლექსურობა და ავტომატიზაციის აწყობისას პლატფორმის მოქნილობა.
10. პროფესიული განვითარება
პრობლემა
გუნდის წევრებში ცოდნისა და საჭირო ტრენინგების ნაკლებლობა ხშირად დიდ გამოწვევებს ქმნის. მნიშვნელოვანია გუნდში ისეთი წევრების არსებობა, რომელთაც ესმით ავტომატიზაციის ხელსაწყოების გამოყენება და სისტემური სიახლეების დროული ინტეგრირება შეუძლიათ.
რჩევა
გააკეთე ინვესტირება გუნდის პროფესიულ ტრენინგებსა და განვითარების პროგრამებში. მარკეტინგის გუნდების მართვისას მნიშვნელოვანია დარწმუნებული იყო მათ მიერ ავტომატიზირებული ხელსაწყოების ეფექტურად გამოყენების უნარებში, ისევე როგორც საჭიროების შემთხვევაში ახალი პლატფორმების მოძიებისა და აუდიტის შესაძლებლობაში. დღეს, ციფრული პლატფორმები ძალიან სწრაფად ახდენენ AI ტექნოლოგიების ინტეგრაციას, რისთვისაც გუნდის მზაობის უზრუნველყოფა უმნიშვნელოვანესი ამოცანაა.
ეს გამოწვევები შესაძლოა კომპლექსური ჩანს, მაგრამ მარკეტინგის ავტომატიზაციის საფუძვლების ცოდნისა და ტექნიკურ გუნდებთან კოლაბორაციის უნარების ათვისების შემდეგ, პროცესების დოკუმენტირება, ინტეგრაციები, ოპტიმიზაცია და სტრატეგიის შემუშავება ძალიან მარტივდება.