რა არის მარტექი? მარკეტინგის ტექნოლოგიების გზამკვლევი
ტექნოლოგიურ სამყაროში, ეფექტურობა და ავტომატიზაცია წარმატებული მარკეტინგული სტრატეგიის აუცილებელი ნაწილია. ბრენდის უნიკალური მიზნებისა და საჭიროებების მიხედვით, მარკეტინგის ტექნოლოგიის ხელსაწყოები გვეხმარება მეტის - ნაკლებით მიღწევაში.
რა არის მარტექი?
მარტექი იმ აპლიკაციების ერთობლიობაა, რომელსაც მარკეტერები მათი მარკეტინგული აქტივობების ოპტიმიზაციისა და პერფორმანსის გაუმჯობესებისთვის იყენებენ. ეს სტრატეგია კამპანიების დაგეგმვის, განხორციელების და ანალიზის პროცესში დიდწილად ტექნოლოგიებს იყენებს. მარკეტინგის ტექნოლოგიების ჯგუფებს მოიხსენიებენ ტერმინით MarTech Stack - რომელსაც მოგვიანებით განვიხილავთ. ეს ხელსაწყოები ხშირად გამოიყენება omnichannel გარემოში მარკეტინგული პროცესების სინქრონიზაციისთვის.
რა განსხვავებაა მარტექსა და ედტექს შორის?
ისევე, როგორც განსხვავდება მარკეტინგი და ედვერთაიზინგი, ზუსტად მსგავსად არ არის “MarTech” და “AdTech,” შინაარსით ერთნაირი. მთავარი განსხვავება ისაა, რომ ედტექი გამოიყენება მხოლოდ მომხმარებლის ქცევაზე ზეგავლენისთვის სხვადასხვა შეთავაზებების სახით, როდესაც მარტექი უშუალოდ კამპანიების შექმნაში, დისტრიბუციასა და მართვაში გამოიყენება.
უფრო კონკრეტულად, ედტექი ფოკუსირებულია ისეთ ტექნოლოგიებზე, რომლებიც პირდაპირ კამპანიების მიწოდებით არის დაკავებული. მარტექი კი საკუთარ თავში მოიაზრებს მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტის (CRM) აპლიკაციას, სოციალური მედიის მენეჯმენტის ხელსაწყოებს, იმეილ მარკეტინგს, მექანიკურ სწავლებებს და სხვადასხვა ტექნოლოგიების დიდ მრავალფეროვნებას.
რატომ არის მარტექი მნიშვნელოვანი?
ტექნოლოგიები დიდ და მუდმივად მზარდ როლს თამაშობს მარკეტინგში. ეს ინდუსტრიას რადიკალურად ცვლის: მარტექი მუდმივად იხვეწება, რაც ბრენდებს მომხმარებლის პოვნას, მასთან კომუნიკაციას და ანალიზს ძალიან უადვილებს. მოკლედ რომ ვთქვათ, მარკეტინგის ტექნოლოგიები თანამედროვე მარკეტინგს და მის მომავალს განსაზღვრავს.
ასევე, მარკეტინგის ტექნოლოგიები კამპანიების განხორციელებისთვის საჭირო ყველა ეტაპს ფარავს, რაც ჩადებული ძალისხმევის და შედეგების ანალიზის ეფექტურ შესაძლებლობას იძლევა.
მარტექის მიმართულებები
მარტექის კატეგორიზაციის უამრავი გზა არსებობს, მაგრამ ჩვენ მისი დაყოფა საჭიროებების მიხედვით გვიყვარს: მენეჯმენტი, სოციალური ოპტიმიზაცია, კამპანიების სეგმენტაცია და ინსაითის შემუშავება.
მენეჯმენტი
მენეჯმენტი მარტექ ხელსაწყოების ზოგადი კატეგორიაა, რომელიც მოიცავს კონტენტ მენეჯმენტს, ვენდორების შერჩევას, პროდუქტის მენეჯმენტს, ბიუჯეტირებას და ტალანტების მართვას. ბიზნესის ამ საჭიროებების ოპტიმიზირება მოითხოვს დამხმარე ხელსაწყოების არსებობას, რომელიც მთლიან მარკეტინგულ სტრატეგიას დაასინქრონებს. ეფექტური მენეჯმენტის სისტემების გამოყენება ბიზნესს მარკეტინგული მასალების სწრაფი მომზადებით და მიწოდებით, ეფექტური დანახარჯით და მაქსიმალურად ზუსტი რეპორტინგით უზრუნველყოფს.
სოციალური მედიის ოპტიმიზაცია
სოციალური მედიის სტრატეგიის ორგანიზება და გაზომვა ხშირად მოიცავს ინფლუენსერების მენეჯმენტს, მომხმარებლების მიერ გენერირებულ კონტენტს (UGC) და მომხმარებელთან ურთიერთობის მენეჯმენტს (CRM). სოციალური სტრატეგიის ავტომატიზაციის ხელსაწყოები გაცილებით ეფექტური, პერსონალიზირებული ციფრული კომუნიკაციის წარმოებაში გვეხმარება.
კამპანიების სეგმენტაცია
მარტექის მესამე ტიპი ორიენტირებულია მონაცემების მოპოვებაზე, დამუშავებაზე და გაწმენდაზე, შემდგომი რეთარგეთირების მიზნებისთვის. ეს მოიცავს, როგორც ვალიდური და ვერიფიცირებული პერსონალური მონაცემების მოპოვების უზრუნველყოფას, ასევე ციფრულ პლატფორმებზე მომხმარებელთა ინტერაქციის ელემენტების ეფექტურ თრექინგსაც. ეს შეიძლება იყოს კონკრეტული ღილაკების, ბანერების, პოპ-აპების ქლიქების გაზომვა და ვერსიების A/B ტესტირება.
მონაცემების ანალიტიკა
ანალიტიკური პლატფორმები, როგორიცაა Google Analytics, Tableau, გვეხმარება კამპანიების, კონტენტ მარკეტინგის და სოციალური მედიის პერფორმანსის გაზომვაში. ეს მონაცემებზე ორიენტირებული კატეგორია კომპლექსური მონაცემების მოსახერხებელ ფორმატში გადმოცემაზეა ორიენტირებული და მონაცემთა ვიზუალიზაციის ხელსაწყოებსაც მოიცავს.
მარტექის ხელსაწყოების არჩევა მთლიანად დამოკიდებულია ბიზნესის ტიპზე, მის საჭიროებებზე, პროდუქტზე თუ სერვისზე რომელსაც ის მომხმარებელს სთავაზობს, ისევე როგორც მის სტარტეგიულ მიზნებზე, მაგრამ მარტექის ხელსაწყოები ძალიან მოქნილია და მარტივად ერგება ნებისმიერ პერსონალურ საჭიროებებს.
რა არის MarTech Stack?
მარტექ სისტემების ერთობლიობა, რომლებიც ერთად მუშაობენ მარკეტინგული პროცესების გამარტივებაზე. ეს მარკეტინგის ტექნოლოგიების ხელსაწყოების ურთიერთდაკავშირებული ქსელია. მოქნილი აპლიკაციები მარტივად ერგება ბიზნესის ასეტებს, კომუნიკაციის და მონაცემთა ანალიზის პლატფორმებს, რის შედეგადაც პროცესები ზუსტადაა მორგებული როგორც მომხმარებლის ქცევას, ასევე თანამშრომლების საჭიროებებსაც.
სისტემების უმეტესობა მოიცავს ციფრული ასეტების მენეჯმენტის (digital asset management) აპლიკაციასაც. პროექტებს, გუნდებს და აპლიკაციებს შორის გამართული კომუნიკაციის უზრუნველყოფისთვის, ეფექტური პროექტების მენეჯმენტის სისტემა და გამოყენების გაიდლაინების შემუშავება ძირითადი დავალებაა.
მარტექის ეკოსისტემის აგების შემდეგ, არანაკლებ მნიშვნელოვანი მისი მენეჯმენტია. ციფრულ ხელსაწყოებს შორის ჰარმონიის შენარჩუნება მარკეტინული სტრატეგიის მნიშვნელოვანი ნაწილი ხდება.